28 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობას ითხოვენ

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში გამომძიებლის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. სამმართველოდან გამოსულმა მანუჩარ კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებლებს მისგან აინტერესებდათ, რა მოხდა 18 მარტს ახალციხის კლინიკა "იმედში". მისივე თქმით, სამართალდამცავები მას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. საქმე ეხება საავადმყოფოს შენობის მინების ჩამსხვრევას.

ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ისინი საგამოძიებო უწყებებიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობას ითხოვენ.

ახალციხეში ჩავიდა გარდაცვლილი მედდის მეორე ადვოკატიც. ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ მას ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-სთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისივე მტკიცებით, კომპანია გამოძიებაში ჩართვის მზაობას გამოხატავს.

ახალციხის კლინიკა "იმედის" დირექტორი ადასტურებს, რომ საავადმყოფოს ის თანამშრომლები, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ, გამოიკითხნენ

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან ჯანდაცვის უწყებაში. მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ორშაბათს სამინისტროში ერთობლივი კომისია გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა.

მეგი ბაქრაძე 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, რამდენიმე წუთში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. 27 წლის ექთანი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები