28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - სავარაუდოდ, თავდამსხმელს შეეშალა და კრიმინალური ავტორიტეტის ნაცვლად ვენახის მოსასვლელად დაქირავებულ პირს ესროლა

1 მოკლული და 3 დაჭრილი - სისხლიანი დაპირისპირება კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ავტომობილი დაცხრილეს. მანქანაში მასთან ერთად მუშები იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ თავდამსხმელს მსხვერპლი შეეშალა და ბადუაშვილის მაგივრად ვენახის მოსასვლელად დაქირავებული, 41 წლის იმედა ჩიქობავა მოკლა. დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

იმედა ჩიქობავას ოჯახში მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ მამაკაცი კახეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში მუშაობდა და მის დამსაქმებელთან რომელიც დაცხრილულ მანქანაში მსხდომთაგან ერთ-ერთი იყო, მხოლოდ სამსახურეობრივი კავშირი ჰქონდა. 

თითქმის ანალოგიური ისტორია აქვს კიდევ ერთ დაზარალებულს. მურმან მესხია მალხაზ ბადუაშვილის ვენახში ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა. მან თავდასხმის შედეგად დაზიანება თვალის არეში მიიღო. 

შემთხვევა გურჯანიის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დღეს დილით მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "კურიერის" ვერსიით, თავდამსხმელის სამიზნე მალხაზ ბადუაშვილი იყო. თუმცა სროლას მის მიერ დაქირავებული პირი ემსხვერპლა, რომელიც ბადუაშვილის ავტომობილს მართავდა.

დღის ამბები