28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - თეა ახვლედიანი გაეროს რეზოლუციაზე

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანის შეფასებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მინისტრის განცხადებით, ამ რეზოლუციით, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.  

"ამ რეზოლუციას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. რეზოლუცია პასუხისმგებლობას აკისრებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დარღვევებზე და მოითხოვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელ და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას,"- აცხადებს მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 19 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა; გამოთქმულია შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. საბჭო მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაუშვან უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები