28 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ვფიქრობ, როდესაც მოიკრებენ გამბედაობას, ექნებათ ეფექტური თანამშრომლობა პარლამენტში - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, როდესაც მოიკრებენ მხარეები გამბედაობას, პარლამენტში ეფექტური თანამშრომლობა ექნებათ.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, თითოეულ პუნქტზე შეთანხმება პარტიების გადასაწყვეტია, ეს სერიოზული საკითხებია და მათ სერიოზულობით ეკიდებიან.

"პოლიტიკური ლიდერები ერთგულად წარმოადგენენ თავის ამომრჩეველს, მათ შეუძლიათ თანამშრომლობა, ვფიქრობ, როდესაც მოიკრებენ გამბედაობას, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, მათ ექნებათ ეფექტური თანამშრომლობა პარლამენტში, რაც იმედი მაქვს, გადაიქცევა მნიშვნელოვან რეფორმებად.

ორი რამ არის მნიშვნელოვანი – პირველი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაცის საზოგადოებას, მედიას და ასევე პარტიის ლიდერებს. ასე მათ შეუძლიათ, გაიგონ, რა არის მოქალაქეების პრიორიტეტები. ვფიქრობ, ძალიან კარგი ინფორმაცია იყო ამასწინდელ გამოკითხვაში, რამაც ნათლად წარმოაჩინა, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, განათლება, მაღალი ფასები. ეს არის საკითხები, რაზედაც უნდა ამახვილებდნენ ყურადღებას პარტიების ლიდერები საქართველოში.

საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ვფიქრობ, ეს გამოკითხვები კარგად გამოხატავს, რა საკითხებზე სურთ ამომრჩევლებს, რომ მათმა ლიდერებმა იმუშაონ. ამ გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი მხარს უჭერს, რომ მათ მიერ არჩეულმა ლიდერებმა ერთობლივად იმუშაონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული ხუთი თვის განმავლობაში, რაც მე ვიხილე, ეს პოლიტიკური ლიდერები ერთგულად წარმოადგენენ თავის ამომრჩეველს, მათ შეუძლიათ თანამშრომლობა. ვფიქრობ, როდესაც მიაღწევენ შეთანხმებას, როდესაც მოიკრებენ გამბედაობას, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, მათ ექნებათ ეფექტური თანამშრომლობა პარლამენტში, რაც იმედი მაქვს, გადაიქცევა მნიშვნელოვან რეფორმებად. თქვენ ახსენეთ ინსტიტუტების მნიშვნელობა და უნდობლობა, ვფიქრობ, ჩვენ ეს ვიხილეთ არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც. თუ იარსებებს მეტი ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, საზოგადოებას სჭირდება ეს ნდობა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მოქმედებენ პოლიტიკური ზეწოლისა თუ ჩარევის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, არსებობს რეფორმები, რომლებსაც განიხილავენ მხარეები ახლა და რაც სასარგებლო იქნება ამ პროცესებისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან თუ გამოკითხვებიდან მხოლოდ იმ ინფორმაციის ამოწევა ხდება, რაც მხოლოდ ერთ ან მეორე მხარეს სურს. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად გამოკითხულებს პასუხი არ აქვთ, არ იციან, დაბნეულები არიან. არ არის სასარგებლო მხოლოდ ის მოისმინო, რისი მოსმენაც გსურს. ეს ანგარიშები, გამოკითხვები დახმარებისთვის არის და არა კრიტიკისთვის, ეს არის ის ინფორმაცია, რაც საქართველოს ლიდერებს სჭირდებათ, რომ გააუმჯობესონ ქვეყნის სისტემები. ამ ანგარიშებს ძალიან დიდი ყურადღებით ადგენენ, რომ იყოს კონსტრუქციული და ასევე ინფორმატიული. როდესაც ერთი ან მეორე მხარე იღებს მხოლოდ იმას, რისი გაგონებაც სურს და არ წარმოადგენს დაბალანსებულად ან არ მოისმენს დაბალანსებულ ინფორმაციას. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და ქმნის დაბნეულობას," - განაცხადა კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

დღის ამბები