28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
27 წლის მეგი ბაქრაძე დღეს დაკრძალეს - ახალციხეში მედპერსონალის გამოკითხვა ტრაგედიიდან ხუთის დღის შემდეგ დაიწყო

მეგი ბაქრაძე დღეს მშობლიურ სოფელ ენთელში დაკრძალეს. 27 წლის ექთნის გარდაცვალებიდან მეხუთე დღესაც ფატალური შედეგის მიზეზი კვლავ უცნობია. ოჯახი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებას ენდობიან და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ელოდებიან, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასაც, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რა პრეპარატი მიიღო აცრამდე ერთი დღით ადრე მედიკოსმა და რა გახდა სიკვდილის მიზეზი - თრომბოლია თუ ანაფილაქსიური შოკი.

რამდენად სწორად მიმდინარეობდა პროცესი - ეს შეკითხვა აქვთ ოჯახის ადვოკატებსაც. უფლებადამცველების თქმით, ეჭვებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ ახალციხის კლინიკის მედპერსონალი გამოკითხვაზე მხოლოდ დღეს დაიბარეს, საავადმყოფოდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაცია კი სრულყოფილი არ არის. პარალელურად, ადვოკატები დაუკავშირდნენ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას. ისინი მოუწოდებენ "ასტრაზენეკას", ექთნის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში თავადაც ჩაერთონ.

გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყება რეგულირების სააგენტოს დასკვნის მოლოდინშია, რომელიც დაადგენს, იკვეთება თუ არა მედსპერსონალის პასუხისმგებლობა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში.

27 წლის მედიკოსის გარდაცვალებაზე საუბრობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ონლაინპრესკონფერენციაზე "რუსთავი 2-ის" სახელით შეკითხვა კოკი იონათამიშვილმა დასვა.

ტრაგიკული შემთხვევა ახალციხეში 5 დღის წინ მოხდა. მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობა ვაქცინის მიღებიდან 40 წუთში დამძიმდა. მის გადარჩენას ექიმები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საქმეზე გამოძიება როგორც ახალციხეში, ისე თბილისში მიმდინარეობს. საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები