28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
თბილისის მეწყრულ ზონას უკვე გერმანელი გეოლოგები აკვირდებიან - ვაშლიჯვრის მოსახლეობის პეტიციას კი უკვე 3 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს

რისკების განსაზღვრის და სტიქიის პრევენციისთვის ვაშლიჯვრის მოსახლეობამ პეტიცია შექმნა. დოკუმენტს ხელს ამ დროისთვის 3000-მდე ხელმომწერი ჰყავს. ადგილობრივებს მოთხოვნები 5 პუნქტად აქვთ გაწერილი, ისინი ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობის შეჩერებას, ექსპერტთა ჯგუფის მიერ მეწყრული ფერდობის შესწავლას, მონიტორინგის სისტემების განთავსებას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

სპეციალისტების ინფორმაციით, ტერიტორიაზე მდგომარეობა ყოველდღიურად მძაფრდება. მათი თქმით, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალი ჯერ სტაბილიზაციაში არ არის და პროგრესირებადია. გეოლოგები სასწრაფოდ კომპლექსური კვლევის წარმოებას და დინამიკაში მოსული მეწყრის მონიტორინგის წარმოებას ითხოვენ.

ფერდობზე გაჩენილი ნაპრალი რომ ყოველდღიურად იზრდება, ამას არც დედაქალაქის მერიაში უარყოფენ, თუმცა განმარტავენ, რომ ნაპრალის პროგრესირება და კერძოდ, მეწყრული პროცესის მიმდინარეობა მინიმალური მოცულობით ხდება. ახლა მერიაში ქართველებთან ერთად გერმანელი სპეციალისტების პირველად დასკვნას ელოდებიან, რაც დედაქალაქის მთავრობისთვის მთავარი სახელმძღვანელო გახდება.

მიუნხენიდან სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს სპეციალისტები თბილისს დილით ესტუმრნენ. გეოინჟინრები ფერდობზე, სადაც მეწყერსაშიში ზონაა, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა დაზიანებების მასშტაბები და რისკები შეისწავლეს, რაც შეეხება პირველად დასკვნას და საკუთარ რეკომენდაციებს, საკითხის შესწავლის და გადაღებული მასალების განხილვის შემდეგ გააჟღერებენ.

დღის ამბები