28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
გარდაცვლილი ექთნის საქმის შესასწავლად შესაძლოა, "ასტრაზენეკამ" თბილისში საკუთარი წარმომადგენლები გამოგზავნოს 

იმუნიზაციის გართულებებით გარდაცვლილი ექთნის საქმე - შესაძლოა, მეგი ბაქრაძის დაღუპვის მიზეზები საერთაშორისო სპეციალისტებმაც შეისწავლონ. არ არის გამორიცხული, რომ "ასტრაზენეკამ", რომლის პრეპარატის ინექციით ორგანიზმში შეყვანას გვერდითი რეაქცია ჰქონდა, თბილისში წარმომადგენლები გამოგზავნოს.

ლეტალური შემთხვევების გამოძიებას და პაციენტის ისტორიას ელოდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

როგორც ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა, რეგულირების სააგენტო ინფორმაციას აგზავნის შვედეთში, წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში და ასევე ინფორმაცია გაეგზავნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც.

"ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება "ასტრაზენეკას", ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც.

თავდაპირველად მიდის მოკლე რეპორტი, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები