28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"თუ კომპრომისზე წასვლა სურდათ, სად იყვნენ აქამდე?" - თინა ბოკუჩავა

ოპოზიცია საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს კიდევ ერთხელ დიალოგისკენ მოუწოდებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ძალაში რჩება მათ მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე წარდგენილი კონკრეტული წინადადებები. როგორც ხელისუფლება მიიჩნევს, მათი მხრიდან გადადგმული კომპრომისული ნაბიჯების უარყოფა ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილს შეთანხმება არ სურს.

ოპოზიციისთვის კი "ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება პროპაგანდისტულია, ამასთან, შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ მიშელისთვის და მისი პირადი წარმომადგენლისთვის. 

"უკიდურესად არაკეთილსინდისიერი და არასერიოზული დამოკიდებულებაა ეს მოლაპარაკების მიმართ და შეურაცხმყოფელია, მათ შორის, პრეზიდენტ მიშელისთვის და მისი პირადი წარმომადგენლისთვის, რომელიც ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა საქართველოში, გადადო უკან დაბრუნება და ამდენი ძალისხმევა ჩადო მოლაპარაკების პროცესში, იმისთვის, იქიდან რომ რამე გამოსულიყო. თუ კომპრომისზე წასვლა სურდათ, სად იყვნენ აქამდე? დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკების პროცესი აღდგება, ეს ფაზა დასრულებულია, მაგრამ შესაძლებელია ოდნავ განსხვავებულ ფორმატში, მათ შორის სხვა აქტორების ჩართულობით, თუმცა ეს მოლაპარაკების მაგიდა აღდგება ჩვენი მედიატორების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავას მსგავსად, საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორების შეურაცხყოფად მიიჩნევს მამუკა მდინარაძის განცხადებას პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე. 

"ბატონი მდინარაძის განცხადება არის შეურაცხყოფა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორების და ყველა იმ ადამიანის, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს აღიარებს და პერსონალურად არის ჩართული ამ კრიზისის მოგვარებაში. რაც შეეხება მათ "შემოთავაზებას“, აქ არანაირი შემოთავაზება სინამდვილეში არ ყოფილა, ქართულმა ოცნებამ ხელი ჰკრა იმ რეალურ შეთავაზებას, რომელიც ბატონმა დანიელსონმა მოიტანა,“ - ამბობს საბა ბუაძე.

დღის ამბები