28 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც წევრები (მომღერლები) არ ჰყავს - აუდიტის დასკვნა 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეისწავლა და ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა (2018-2019 წლები). 

დოკუმენტის მიხედვით, დარღვევები ფიქსირდება, როგორც სხვადასხვა ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე საშტატო ერთეულისა და ხელშეკრულებების გაფორმების მხრივ.  

მაგალითად, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ დედოფლისწყაროს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ისე ჩაიბარა, რომ დაწესებულებაში რეაბილიტაცია, კერძოდ  გადახურვის სამუშაობი თავიდან არის ჩასატარებელი. 

„სამუშაოს შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი, რომლის დადებითი შეფასებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი, რა დროსაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაო.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმირებული იყო მერის წარმომადგენელი, თუმცა ხარვეზის გამოსწორების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა. კულტურის სახლის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. შედეგად, კონტროლის მექანიზმებში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. 

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან არსებულ ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის“ საქმიანობაზეც. 

ირკვევა, რომ ცენტრმა 2018-2019 წლებში დაფინანსების სახით 1 მილიონ 052 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 

2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით). 

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ.). 

პასუხისმგებელი პირი ადასტურებს, რომ აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არ ფუნქციონირებს, თუმცა განმარტავს, რომ შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში, მიუხედავად ამისა, აუდიტის ჯგუფისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

"ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ა(ა)იპ – „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში“ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებულნი“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

დღის ამბები