28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო გარდაიცვალა - დათა პაპამ ბოლო 10 წელი მავთულხლართებს მიღმა გადმოსვლაზე ოცნებაში გაატარა 

დათა ვანიშვილმა ბოლო 10 წელი მავთულხლართებს მიღმა გადმოსვლაზე ოცნებაში გაატარა. დათა პაპა 88 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

დათა ვანიშვილს ოჯახის წევრები სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ. იმის გამო, რომ დათა პაპას სახლი და სოფლის სასაფლაო ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა, ვანიშვილების ოჯახს ახლობლები და ნათესავები თანაგრძნობას მავთულხლართებიდან უცხადებენ. რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სახლთან ისინი არ მიუშვეს. სწორედ ამიტომ, ახლობლები დათა პაპას უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილებენ.

სამძიმრის წერილი გაავრცელეს პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის პრეზიდენტმა. ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ დათა პაპა ბოლო 10 წელში, საკუთარი პრინციპული პოზიციის გამო მცოცავი ოკუპაციის მთავარ სიმბოლოდ იქცა. შერიგების მინისტრმა კი, ვანიშვილების ოჯახს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.

2011 წელს რუსმა ოკუპანტებმა ვანიშვილების საცხოვრებლის წინ მავთულხლართები გაავლეს. ტერიტორია ორად გაიყო, ოკუპირებულ ნაწილში მოექცა სახლი, სადაც დათა პაპა მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. 

დათა პაპა საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ერთადერთი მოქალაქე იყო, ვის მაგალითზეც ადგილზე ჩასული არაერთი ქვეყნის პირველი პირი და ლიდერი ოკუპაციის შედეგებს პირადად ხედავდა, თუ როგორ ყოფს უკანონო ბორდერიზაცია ოჯახებს, ნათესავებსა და მიტაცებულ ტერიტორიებს.

დღის ამბები