28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
შეთანხმება ახლოსაა, არ მგონია ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს და ევროკავშირის შემოთავაზებულ წესებზე უარი თქვას - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგში შეთანხმება ახლოსაა, რადგან მას არ ჰგონია, რომ ვინმემ ამის საწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, მთელი ამ მოლაპარაკების ბოლო, უნდა იყოს დიალოგის ყველა მონაწილის პარლამენტში შესვლა:

"რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის ამ მოლაპარაკების მაგიდაზე გამარჯვების საკითხი. რომელი მხარეც ამ საკითხს თავის სასარგებლოდ გადაწყვეტს, ის თვლის, რომ გამარჯვებული გამოვა ამ მოლაპარაკებიდან. ჩვენთვის, რიგგარეშე არჩევნები მთავარი არასოდეს არ ყოფილა და ჩვენ ყოველთვის ველოდებოდით ევროკავშირის და ორგანიზაციების დასკვნებს და შესაბამისად, მოგვწონს თუ არა ეს დასკვნები, ჩვენ მას უნდა ვენდოთ.

ჩვენ ვიყავით სასაცილო როლში 2 თვის განმავლობაში, როდესაც ვამბობდით, რომ შერიგება უნდა მოხდეს. ბოლო პერიოდში კი, ყველა მხრიდან ეს გვესმის. მე სიყვარულს არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცას ვიღაცა უნდა შეუყვარდეს, უბრალოდ, უნდა დაასრულონ ბრძოლა და გადავიდნენ სხვა რეჟიმში. ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ სწორედ ამ მიზნით.

მე ვფიქრობ, რომ მთელი ამ მოლაპარაკების დასრულება უნდა იყოს ყველა მონაწილის პარლამენტში შესვლა და თუ ვინმე არ შევა, პასუხისმგებლობას იღებს. მე მგონი, კითხვაც აღარ ისმება, შეთანხმება ახლოსაა, იმიტომ რომ მე არა მგონია, ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს და ევროკავშირის შემოთავაზებულ წესებზე უარი თქვას," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები