28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
თუ ვიტყვით, რომ ოკუპაციის გამო საქართველო არ იმსახურებს NATO-ს წევრობას, რუსეთს იმავე საქციელისკენ წავახალისებთ - დევიდ კრამერი

დასავლეთი საქართველოში შექმნილ ვითარებაში საფრთხეს ხედავს. "ქვეყანა მიჯნაზე" - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს მარშალის ფონდი ანგარიშს, სადაც მთავარი თემა რუსეთია.

ანგარიში სახელწოდებით: "ქვეყანა მიჯნაზე" - საქართველოს დახმარების საქმე, გერმანიის მარშალის ფონდმა გამოაქვეყნა. მისი ავტორები არიან გერმანიის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი და აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის დომინირებულ, არასტაბილურ რეგიონში, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამერიკამ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა განაგრძოს, რათა გააუმჯობესოს დემოკრატია და შეაჩეროს უკუსვლა. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს დამსახურება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და მის მიერ გაღებული მსხვერპლი.

ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა რუსეთის აგრესიას საქართველოსა და რეგიონში.

"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს სურდა საქართველო მძლავრი დემოკრატია გამხდარიყო, ისევე, როგორც უკრაინაში, მას სურს ხელი შეუშალოს პლურალისტურ და გამჭვირვალე დემოკრატიის დამკვიდრებას, რომელიც მისი ავტოკრატიული და კლეპტოგრაფიული მოდელის საწინააღმდეგო მოდელი იქნება. ეს იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ევრაზიაში, დემოკრატის მხრივ, დიდი პროგრესი განიცადა. ხშირად მას აღწერენ, როგორც დემოკრატიის კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში. ქვეყანამ გამოსცადა არეულობა, თუმცა, მას ჰქონდა 2012 და 2013 წლის არჩევნები, რომელსაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება მოჰყვა,"-ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშში აღწერილია ქვეყნის შიდა პოლიტიკის ისტორიული პერიოდები. ედუარდ შევარდნაძის მმართველობა, მიხეილ სააკაშვილის ეპოქა და დღევანდელი ხელისუფლება. არის მწვავე კრიტიკაც ყველა ადმინისტრაციის მიმართ, უმეტესად, ძალაუფლების კონსოლიდაციაზე, პოლიტიკური ოპონენტების დაშინებასა და სამართლებრივ დევნაზე; სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემებსა და ამ ინსტიტუტის გამოყენებაზე. აღნიშნულია სახელმწიფოს მიტაცების მზარდი პრობლემაც.

ანგარიშში საუბარია აგვისტოს ომზე, დასავლეთის მხრიდან რუსეთის დაუსჯელობაზე, მცოცავ აგრესიაზე, მოსკოვის გავლენის გაძლიერებაზე. დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს ნატოსთან დაახლოების და, ამ კონტექსტში, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის თემას.

"ნატოსთვის უმთავრესი შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება რადგან რუსეთს მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ეს იწვევს სერიოზულ შეკითხვებს საქართველოს თავდაცვსუნარიანობაზე, თუ გახდება ნატოს წევრი, ალიანსის მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიებით. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ საქართველო არ იმსახურებს წევრობას რუსეთის გამო, ამით რუსეთს დე ფაქტო ვეტოს მივანიჭებთ, იმავე საქციელისკენ წავახალისებთ ბატონ პუტინს და მას უბრალოდ შეეძლება ტერიტორიების ოკუპირება, ეს ყველაზე უარესი იქნება,"-აცხადებს დევიდ კრამერი. 

 

 

დღის ამბები