28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მედეა ჯანიაშვილმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს  შორის ტურისტული ნაკადებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხები განიხილეს.

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში,  2019 წელს, ისრაელმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა, ისრაელიდან საქართველოში 205 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

"ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, როგორც ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პოსტ პანდემიურ პერიოდში. დღევანდელი შეხვედრა ისრაელის ელჩთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით ვიზიტორთა ინტერესი, ასევე ჩვენს ქვეყნაში არსებული ტურისტული პროდუქტები და შეთავაზებები, რომელიც ისრაელის ტურისტული ბაზრისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს."-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნეს ტურიზმის განვითარების გეგმებს.

"მე მქონდა ძალიან კარგი, ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. 2019 წელს, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე საქართველოს ისრაელიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. მაღალ სეზონზე ისრაელსა და საქართველოს შორის კვირაში 42 პირდაპირი ავიარეისი სრულდებოდა. ისრაელის ტურისტული ბაზარი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველომ ისრაელისა და სხვა ქვეყნების ტურისტებისთვის პირველი თებერვლიდან საზღვარი  გახსნა.   ისრაელი კოვიდ ვაქცინაციაში გლობალური ლიდერია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით 2 თვეში ისრაელის მოსახლეობის  75%-80% ვაქცინირებული იქნება. ისრაელში ვირუსის გავრცელების მკვეთრი ვარდნა გვაქვს, ამიტომ არანაირი მიზეზი არსებობს, რომ ისრაელიდან ტურისტები საქართველოს მოსანახულებლად არ ჩამოვიდნენ. იმედი მაქვს რამდენიმე დღეში თელ-ავივის აეროპორტი სიხშირეების გაზრდას შეძლებს და შემდეგ ათასობით ტურისტი ისრაელიდან საქართველოს ეწვევა," - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.

დღის ამბები