28 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ოპოზიცია სჭირდება პარლამენტს, ამიტომ ვხარჯავთ ძალისხმევას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ "დღის კურიერში" სტუმრობისას ჟოზეფ ბორელის დღევანდელი გზავნილები შეაფასა და განაცხადა, რომ უპირვესი, რაც მან განაცხადა არის ის, რომ ევროპა აღიარებს არჩევნებს და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში მონაწილეობის გარეშე პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენლია.

თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციას არ სურს, რომ საკუთარი ფუნქცია შეასრულოს.

"ბორელმა თქვა, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, უპირველესად ოპოზიციის მისამართით - არჩევნებს ევროპა აღიარებს, როგორც ლეგიტიმურს, და მეორე, მან თქვა, რომ პარლამენტში მონაწილეობის გარეშე პოლიტიკური პროცესი მიაჩნია წარმოუდგენლად. თვითონ ოპოზიციაც, რომელიც ზოგჯერ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, თვითონ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიც, რაც მათ პრეზიდენტ მიშელს დაუდეს მაგიდაზე... ბატონ მიშელს ჰქონდა შეხვედრა ოპოზიციასთან და ის საკითხები მონიშნა, რასაც ოპოზიცია აყენებდა მნიშვენელოვან საკითხად და ამ საკითხებში, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, სამი საკითხი როგორც მინიმუმ მოითხოვს ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში ჩართვას. როდესაც ერთის მხრივ, ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევალთ და მეორეს მხრივ, ამბობენ, რომ ეს საკითხები გვინდა გაკეთდეს, რაც პარლამენტში შესვლას ავტომატურად გულისხმობს, ეს არის უბრალოდ არათანმიმდევრული. მიუხედავად ამისა, ჩვენ არცერთ პოლიტიკოსს ოპოზიციიდან არ ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას.

რა სურათიც აქამდე გვქონდა არის ის, რომ ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია და ეს დემოკრატიაში არის ანომალია. ყოველთვის არის უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, ეს როლები უნდა შეასრულონ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიებმა. ვის სჭირდება ოპოზიცია - ოპოზიცია სჭირდება პარლამენტს, დემოკრატიას, ხელისუფლებას, სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ჩვენ ძალისხმევას და არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტული პიროვნება დავინახოთ პარლამენტში," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები