28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ევროპელებმაც დაინახეს, რომ არიან ძალები რომლებიც ცდილობენ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიონ ცვლილებებს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპელი პარტნიორებმა დიალოგში აქტიურად ჩართვის საჭიროება დაინახეს, როდესაც გააცნობიერეს, რომ სახეზე იყო არჩევნებისთვის და საპარლამენტო პროცესისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"დიალოგის განახლების და ამ ფორმატში წარმართვის საფუძველიც ეს გახლდათ, რომ ევროპელებმაც დაინახეს, რომ არიან ძალები, პოლიტიკური ჯგუფები და რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ცდილობენ არა მხოლოდ პარლამენტის გვერდის ავლით, არამედ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლითაც კი, გარკვეულ ცვლილებებს მიაღწიონ ქვეყანაში. ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება თავის შეფასებებში იყო თანმიმდევრული," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რატომ ვერ მოახერხა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შეთანხმება ევროპელი ფასილიტატორებისა და მედიატორების გარეშე - ამ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეთანხმებას პასუხისმგებლიანი ორი მხარე სჭირდება, ოპოზიცია კი უპასუხისმგებლოდ იქცეოდა:

"მოლაპარაკებას და შეთანხმებას სჭირდება პასუხისმგებლიანი ორი მხარე, ერთი მხარე თავისთავს ვერ შეუთანხმდება. თუ მეორე მხარე არღვევს წესებს, ამ წესებით შეთანხმება ხდება შეუძლებელი. ჩვენ მუდმივად ვხედავდით, რომ ოპოზიცია ცდილობდა დაებლოკა ეს პროცესი და შემოეტანა დღის წესრიგში ისეთი საკითხები, რომელიც პირდაპირ უშლიდა ხელს. ამის მტკიცებულებად მე შეგახსენებთ, ორი კონკრეტული ადამიანის, ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, ეს იყო ბატონი ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია, მათ სხვადასხვა ეთერებში პირდაპირ უთხრეს საზოგადოებას, რომ ოპოზიციური მაგიდის გარშემო კონკრეტული ადამიანების მხრიდან მიიღეს დავალებები, ერთი მათ ეუბნებოდა რომ ეს დიალოგი არ უნდა შედგეს და უნდა დაიბლოკოს, მეორე ეუბნებოდა, რომ ხელი მოვუწეროთ ხელისუფლებას იმ პირობებზე რაც ჩვენთვის მისაღებია და შემდეგ არ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

დღის ამბები