28 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში, ხელს უშლის შეთანხმებას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი საერთოდ არ იქნება განხილული მოლაპარაკების დროს.

"პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პატიმრების თემის შემოტანა მოლაპარაკებებში ხელს უშლის შეთანხმებას, ეს არის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მეორეს მხრივ აყენებს მოთხოვნას, მოხდეს მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია. ანუ წარმოიდგინეთ ერთი ხელით, როდესაც გთხოვენ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და მეორე ხელით გთხოვენ, რომ პოლიტიკური დავალება მისცე მართლმსაჯულების სისტემას, რომ ვინმე გაათავისუფლონ, ეს ალბათ გესმით, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ბევრად უფრო დაეხმარება თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ წონას არ ჩამოვკიდებთ და გავიტანთ საერთოდ პარტიებს შორის მოლაპარაკების სფეროდან," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობს რამდენიმე ლიდერი, რომლებიც ცდილობენ, დიალოგს ხელი შეეშალოს.

"თუმცა, ოპოზიციას აქვს თავისი მიდგომა ბუნებრივია და იქ არის რამდენიმე ლიდერი, რომელიც კონკრეტულად ისეთი თემების შეტანას ცდილობს ამ დიალოგში, რომ ხელი შეუშალოს მოლაპარაკებას. ჩვენ გვახსოვს ბატონი ხვიჩიას, ელისაშვილის განცხადებები, სადაც ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურ მაგიდასთან იყვნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც დავალებას აძლევდნენ სხვებს, რომ ჩაეშალათ დიალოგი და ასევე ადამიანები, ვინც ამბობდნენ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და მერე არ შევასრულოთ ეს პირობები. რისი მაგალითიც ჩვენ გვაქვს გასულ წელს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განსხვავებები და დაპირისპირების საკითხები, რაზეც ახლა კონცენტრაცია იქნება ნაკლებპროდუქტიული. უმჯობესია, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ იმ საკითხებზე, სადაც შეთანხმება შესაძლებელია და რომელიც არა მხოლოდ პარტიების, არამედ საზოგადოების და ჩვენი წვეყნის ინტერესებში შედის," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები