28 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
რა წერია დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს - ევროპული მედიაციის მეოთხე დღე თბილისში

ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ქვეყანაში მედიაციის მისიით არის ჩამოსული, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს უკვე მეოთხე დღეა ხვდება. 

ამ წუთებში კრისტიან დანიელსონი შეხვედრას "ქართულ ოცნებასთან" მართავს, იქამდე კი შვედი დიპლომატი ოპოზიციას ხვდებოდა.

შეხვედრის დაწყებამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, "ქართული ოცნების" წინადადებებია წარმოდგენილი, ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მხოლოდ პარლამენტში შესვლაზე იღებს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გუშინ გადადო. დიპლომატი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური აქტორები ევროპელი პარტნიორების დახმარებით საბოლოო შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწევენ. თუმცა განმარტავს, რომ მედიაციის ეფექტიანობა პოლიტიკური მხარეების მიერ კონსტრუქციულობის გააზრების აუცილებლობას მოითხოვს.

მოლაპარაკების პროცესს ციხიდან გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ნიკა მელია წერს, რომ შარლ მიშელის მედიაციით დაწყებული პროცესი პოლიტიკური ჩიხიდან თავის დაღწევის შანსია.

კრისტიან დანიელსონის საქართველოში დარჩენას პოზიტიურ სიგნალს უწოდებს ოპოზიცია, რომელმაც შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსთან დღეს დილიდან განაახლა.

მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. ლიდერების ამბობენ, რომ "ოცნება" მზადაა შეთანხმებას ხელი სამართლიანობის პრინციპის დაცვით მოაწეროს. 

დღის ამბები