28 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
დღეს ოპოზიციის ნაწილი ნაკლებად ხისტი მომეჩვენა, მარტივად ვერცერთი მხარე ვერ დაუსხლტება შეთანხმებას - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" წევრი და პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონი დარჩენა მიუთითებს იმას, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი შეთანხმებით დასრულდება.

როგორც იოსელიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, მისი ვარაუდით, მარტივად, ვერც ერთი მხარე ვერ დაუსხლტება შეთანხმებას და პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

"დღევანდელ შეხვედრაზე მე ნაკლებად ხისტი მომეჩვენა ოპოზიციის ნაწილი, რომელიც იქ ესწრებოდა და მგონია, რომ ყველამ გაიაზრა უკვე საერთაშორისო კონტექსტი, ყველა მიხვდა, რომ გაჯიუტებას ერთჯერად ვადამდელ არჩევნებზე აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც შეთანხმების ნაწილად დევს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება და თუ ვინმეს უნდა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური წინსვლა, არ უნდა გადააყოლოს ვადამდელ არჩევნებს სასამართლოს რეფორმირების საკითხი.

არის ნაწილი, რომელიც ძალიან რადიკალურად უდგება საკითხებს, არის ხალხი, რომელსაც გააზრებული აქვს ეს ყველაფერი, მოდით, დაველოდოთ მოვლენებს. მე მგონია მაინც, რომ ეს მედიაცია შედეგს გამოიღებს. გამოიღებს იმიტომ, რომ აქ უკვე ევროკავშირის რეპუტაცია არის, იმიტომ დარჩა შვედი დიპლომატი, რომ საქმე მიიყვანოს ბოლომდე, ასე რომ მარტივად ვერც ერთი მხარე ვერ დაუსხლტება შეთანხმებას. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა და ლომის წვლილი არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია. 

თუ შევხედავთ ყოველდღიურად ჩვენი ევროპელი დეპუტატების განცხადებებს, ისინი ამბობენ, რომ საქართველოს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რაღაც სულელურ თამაშებში იყოს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები