28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
კასპის სასაფლაოზე აღმოჩენილი ცხედარი - გარდაცვლილის ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ

მკვლელობა კასპში - სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი მწყემსმა დღის მეორე ნახევარში აღმოაჩინა. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილს მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა, რაც, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზიც გახდა. თუმცა, ოფიციალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილია. მან საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელს ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები შურისძიების ვერსიას გამორიცხავენ. ეჭვი ეპარებათ იმაშიც, რომ მომხდარი ღუნაშვილის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს.

ვერსიებზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილის ახლობლებს და მეგობრებს. "კურიერთან" საუბარში იხსენებენ, რომ ღუნაშვილს უკანასკნელად გუშინ საღამოს შეხვდნენ და ის სახლში არ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

დღის ამბები