28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში ძალიან პროდუქტიულია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს ოპონენტებთან შეხვედრები არ იგეგმება და დიალოგი მომდევნო პერიოდში გაგრძელდება.

"ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი და აქედან გამომდინარე ჩვენი სურვილია რა თქმა უნდა ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს ეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ვიზიტის შემდეგ.

ოპონენტებთან შეხვედრები დღეს აღარ იქნება, დღეს შეხვედრები დასრულებულია. დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში.

პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. უამრავი რამ გაკეთდა გასული წლის განმავლობაში და ასევე უამრავი რამ გაკეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

ეს ე.წ. პოლიტიკური კრიზისი არის თავიდან ბოლომდე ხელოვნური და როდესაც რაღაც ხელოვნურია, ის აუცილებლად ძალიან მალე დაიძლევა და ჩვენ ამაში ვართ დარწმუნებული და ამ მისიას ბუნებრივია განსაკუთრებული როლი ეკისრება.

ყველა თემას შევეხეთ, რომელიც დიალოგს უკავშირდება, სხვადასხვა საკითხი იყო განხილული. მონახაზი არსებობს, არის საკითხების ჩამონათვალი, რაზეც დღეს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით, ორი შეხვედრა დავუთმეთ ამას. რა  თქმა უნდა ამ მიმართულებით დისკუსია და დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

ერთი რამე შემიძლია გითხრათ, თქვენ იცით, რომ ჩვენ მაგალითად საარჩევნო რეფორმას ვახორციელებთ ისე, რომ არ არის არანაირი ხელმოწერა ამ ოპოზიციური პარტიებისგან, გარდა 2 პოლიტიკური პარტიისა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, ეს არის ჩვენი მიდგომა. შეიძლება იყოს გარკვეული პუნქტები, რომლებიც განხილული იყო მაგალითად დღეს და გუშინ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ბუნებრივია არ დაველოდებით ოპოზიციას. რაც არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა და სახელმწიფო განვითარდეს იმ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ ყოველგვარი ხელმოწერის გარეშეც, ეს თამამად შემიძლია გითხრათ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები