28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
კრისტიან დანიელსონთან უმრავლესობის განმეორებითი შეხვედრა დასრულდა - ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მოლაპარაკების დეტალების გამჟღავნებაში ადანაშაულებს

ევროპელი მედიატორისა და "ქართული ოცნების" ლიდერების განმეორებითი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგაც, უმრავლესობის წევრები შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებენ.

მისივე თქმით, შეხვედრისას წინ წაიწიეს ბევრ საკითხში, ხოლო გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას საჭიროებს.

აქვე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან დადებულ პირობას არღვევს და მუდმივად საუბრობენ დისკუსიის დეტალებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

"გვქონდა კიდევ ერთხელ პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც დიალოგს უკავშირდება და შესაძლო შეთანხმებას და წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. დეტალებზე საუბარი გაგვიჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმებულები ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მე ხაზს გავუსვამ, რომ ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის ჩვენს პარტნიორებთან დადებული პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ ამ პირობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევთ.

მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები, ამაზე ჰქონდათ მათ საუბარი როგორც დღეს, ასევე გუშინ.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს განსხვავებით მათგან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები