28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რა შეზღუდვები იხსნება 15 მარტიდან - ხვალიდან თეატრებში მსახიობები რეპეტიციებს განაახლებენ

შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი 15 მარტიდან - ყველაზე გვიან ის სფეროები გაიხსნება, რომლებსაც შეზღუდვების დაწესება ყველაზე ადრე შეეხო და შესაძლოა ითქვას, რომ ყველაზე მეტადაც დაზარალდა. ეს კულტურის სფეროს და სპორტის მიმართულებას ეხება.

1 აპრილიდან უკვე მაყურებელს შეეძლება თეატრებს ესტუმროს, თუმცა ხვალიდან მსახიობები რეპეტიციებს განაახლებენ. უკვე გამოქვეყნდა აფიშებიც, რომ 1 აპრილიდან სხვადასხვა სპექტაკლები გაიმართება. ბუნებრივია აქაც მზადება რეგულაციების დაცვით განახლდება.

"განსაკუთრებით ჩვენ ყველაზე მეტად გავისტრესეთ ამ სიტუაციაში და ყველას უზომოდ გაგვიხარდა რეგულაციის მოხსნა, რომ 1 აპრილიდან შეგვიძლია სპექტაკლების განახლება და მაყურებელი შემოვიდეს, რა თქმა უნდა რეგულაციების დაცვით, მაგრამ ესეც უკვე კარგია.

ბევრ სიახლეს შესთავაზებს რუსთაველის თეატრი 1 აპრილიდან ქართველ მაყურებელს და ყველა თეატრს ვულოცავ ამ დღეს, რომ პირველში უკვე გავიხსნებით ოფიციალურად," - აცხადებს მსახიობი ია სუხიტაშვილი.

3 თვეზე მეტხანს მოუწია ჩაკეტვა და ახლა სამზადისი აქვს თითქმის ყველა ფიტნესკლუბს. აქ იგულისხმება სპორტის მიმართულებით აუზებიც, რომლებიც მუშაობას ხვალიდან განაახლებენ. რეგულაციების მიმართულებით, სპორტდარბაზების შემთხვევაშიც მთავარი აქცენტი დისტანციის დაცვასა და შიდა სივრცეების კონდიცირება მაქსიმალურად კარგად ხდებოდეს, ბუნებრივია სავალდებულო რეგულაციების სიაშიც თერმოსკრინინგიც არის. ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება, თუმცა მხოლოდ იმ სივრცეებში, სადაც ინტენსიური კარდიო ვარჯიშები არ არის.

მწვრთნელები და კლუბების მენეჯერები სრულ მზადყოფნას აცხადებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მთავარ წინაღობად კვლავ სრულფასოვანი მუშაობის აღსადგენად საათობრივი შეზღუდვა რჩება და ისიც, რომ მომხმარებლებს საღამოს საათებში კვლავ ვერ მიიღებენ.

"6 კვადრატში უნდა იყოს ადამიანი, ყოველ 2 მეტრიანი დაშორებით დისტანცია უნდა იყოს დაცული. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვრჩება არის საათობრივი შეზღუდვა, რადგანაც ჩვენი ძირითადი მომხმარებელი საღამოს საათებში არის," - აცხადებს ფიტნესკლუბ "ორენჯ ფიტნეს-ის" დირექტორი მიხეილ გოგოხია.

სამთო კურორტებზე, იქ, სადაც უკვე ერთი კვირაა რეგულაციები შემსუბუქდა, საბაგიროების ნაწილთან რიგებია.

მოქალაქეები კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ წესები სავარაუდოდ ირღვევა. ფაქტს გამოეხმაურა შრომის ინსპექცია. უწყება ამბობს, რომ მონიტორინგს განაგრძობს და 146-მა ობიექტმა გაფრთხილება მიიღო.

პარალელურად, ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება უნივერსიტეტებშიც, სადაც სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება.

დღის ამბები