28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
წინა დღეებშიც ვმსჯელობდით არ აღსრულებულიყო ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება, თუ დარჩენილიყო სამართლებრივ ჩარჩოებში - მამუკა მდინარაძე 

მას შემდეგ რაც, ირაკლი კობახიძის მიერ "ღამის კურიერის" ეთერში გაკეთებული განცხადება ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა, საკითხს უმრავლესობაშიც გამოეხმაურნენ.

"ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ 17 თებერვლის 17 საათამდე გახარიას პოზიციები ნიკა მელიას საკითხთზე გუნდის იდენტური იყო, უმრავლესობაში დამატებით განმარტებები გაკეთდა. 

მმართველ გუნდში ამბობენ, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში მსჯელობა იყო სავარაუდო სცენარზე, რომელიც შესაძლო იყო ნიკა მელიას მისამართით განვითარებულიყო. 

"მოლოდინი იყო, რომ ან დააპატიმრებდნენ ან არა. მე პირადად მეტი მოლოდინი მქონდა იმისა, რომ რა თქმა უნდა პატიმრობას შეუფარდებდა, იქიდან გამომდინარე რომ ამ ადამიანს გირაო ჰქონდა გადასახდელი. ჩვენ ვმსჯელობდით ამაზე არამხოლოდ იმ დღეს, არამედ წინა დღეების განმავლობაში არ აღსრულებულიყო ეს გადაწყვეტილება, თუ დარჩენილიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და აღსრულებულიყო. ამაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა ყოფილიყო," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც საკითხებს პასუხისმგებლობით უდგება, ვალდებულია წინასწარ გათვალოს ერთი ნაბიჯით წინ მომავალი მოვლენები.

"ორი ვარიანტი არსებობდა, მათგან რეალური ერთ-ერთი იყო მოვლენათა იმ განვითარების შემთხვევაში, რომელიც ყველაზე მეტად მოსალოდნელი იყო იმ ვითარებაში, ეს გამოიწვევდა იმ ვალდებულების წარმოშობას, რომელიც სასამართლოს აქტის აღსრულება უზრუნველეყო. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც საკითხებს პასუხისმგებლობით უდგება, ვალდებულია წინასწარ გათვალოს ერთი ნაბიჯით წინ მომავალი მოვლენები და ამას დახვდეს მზად. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა ადრე, გარდაუვალი იყო," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

”ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი კი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას საქმეზე, ყველა აცნობიერებდა სიტუაციის მთელს სერიოზულობას.

"ყველა ვხვდებოდით, რომ გადასაწყვეტი საკითხი იყო ვაძლევთ თუ არა თანხმობას პროკურატურას მიემართა შუამდგომლობაზე. თანხმობას ვაძლევდით იმ შემთხვევაში თუკი ჩავთვლიდით, რომ პროკურატურის ეს მომართვა დასაბუთებული იყო. ალბათობა იმისა, რომ სასამართლოც ჩათვლიდა, რომ ეს იყო დასაბუთებული მიმართვა - მაღალი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ვაცნობიერებდით სიტუაციის მთელს სერიოზულობას. ასევე, ვაცნობიერებდით იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც ეს ხდებოდა რა საერთაშორისო რეაგირება უნდა მოჰყოლოდა ამას,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი. 

როგორც ოპოზიცია ამბობს, მმართველი გუნდის ლიდერის ამ კომენტარით ირკვევა, რომ პოლიტიკოსები მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებას მანამდე გეგმავდნენ, ვიდრე ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო გასცემდა.

 




დღის ამბები