28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისაკენ, არ მიეცნენ პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გამოყენებული - პრეზიდენტი

ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისაკენ, არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს, თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის დღის ბოლოს განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული თუ როგორ წარდგება საქართველო უმნიშვნელოვანეს მომენტში და უმნიშვნელოვანეს ადგილას, ბრიუსელში, ევროპის წინაშე. 

"კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დღის ბოლოს, როცა პირველი რიგის შეხვედრები უკვე დასრულებულია, მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა დაწყებული პროცესის მნიშვნელობას და მადლობა მოვახსენო მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისა და მედიაციისთვის.

დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი. კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები.

ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე. 

არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არა მხოლოდ "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს" სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან - კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში," - განაცხადა სალომე ზურბიშვილმა.

დღის ამბები