28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
რამდენიმე საათი AstraZeneca-ს ჩამოტანამდე - რას აცხადებს ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებაზე და როდის დაიწყება იმუნიზაცია

თბილისში რამდენიმე საათში AstraZeneca-ს ვაქცინები ჩამოვა. პირველი პარტია, 30 000-მდე დოზა, განკუთვნილია მედიკოსებისთვის, რომელთა აცრაც საქართველოში უკვე ორშაბათიდან დაიწყება.

ამ ფაქტს დაემთხვა AstraZeneca​-ს გამოყენების დროებით შეჩერება დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში, რაც თრომბოემბოლიის რამდენიმე შემთხვევას უკავშირდება.

საუბარია 30 გართულებაზე ევროპის 5 მილიონი აცრილიდან, თუმცა ჩამოთვლილმა ქვეყნებმა მაინც გადაწყვიტეს დამატებითი კვლევის ჩატარება.

ამის პარალელურად დღეს განცხადება გაავრცელა ევროპის წამლის სააგენტომ, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ თრომბის წარმოქმნას ოქსფორდის ვაქცინასთან კავშირი არ აქვს.

AstraZeneca​-ს ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილიდან დაეშვება. ქართველი მედიკოსები ამბობენ, რომ სავარაუდო გვერდითი მოვლენის და ვაქცინის ამ დრომდე დაუდასტურებელი კავშირი პროცესის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

AstraZeneca​-ს თითქმის 11 მილიონი დოზა უკვე აითვისა დიდმა ბრიტანეთმა, სადაც სავარაუდო გვერდითი მოვლენის არცერთი სერიოზული ფაქტი არ დადასტურებულა. შესაბამისად, ქვეყანა ვაქცინის გამოყენებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილების საპასუხოდ, თავად კომპანია AstraZeneca​-ში ამბობენ, რომ კვლევის ეტაპზე გაკეთებული 10 მილიონზე მეტი ჩანაწერითაც დასტურდება, რომ ფილტვის ემბოლიის ან ვენის თრომბოზის გაზრდილი რისკი ვაქცინას არ უკავშირდება.

ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინა ვექტორული ტიპისაა. უვნებელი ვირუსი, რომელზეც COVID-19-ის გენეტიკური მასალაა მიმაგრებული, ასწავლის სხეულს, როგორ შექმნას ვირუსის ნაწილი, რაც იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.

 

 

 

დღის ამბები