28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
6 დღიანი დუმილი დარღვეულია - ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებს მდარე ხარისხის ბინძური პროვოკაცია უწოდა

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა პირველი განმარტება დღეს გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს, არსებულ ვითარებაში მის გავრცელებას კი პროვოკაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ჩანაწერში თავად ნამდვილად ფიგურირებს, თუმცა დაახლოებით 11 წლის წინ, სხვადასხვა დროს განხორციელებული საუბრები დამონტაჟებულია.

ფარულ მიყურადებასა და პროვოკაციაში დადანაშაულებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის პრემიერის დასაბუთება არასაკმარისია. 

მთავრობის მეთაურმა დღეს საზოგადოებას დეტალურად განუმარტა ჩანაწერების შინაარსიც. თქვა, რომ მასზე უკანონო მიყურადება იმ დროს ხდებოდა, როცა ის საჯარო მოხელე არ ყოფილა, ირაკლი ღარიბაშვილს აინტერესებს - რატომ უსმენდა ყოფილი ხელისუფლება მას და არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

ფარული ჩანაწერების გავრცელების კონკრეტულ მოტივებზე დღეს მმართველ პარტიაშიც ისაუბრეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მასალების გამოქვეყნების მიზანი მოლაპარაკებების ჩაშლა და კრიზისის გაღრმავება იყო. 

ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერები 6 მარტს ტელეკომპანია "ტვ პირველმა" გამოაქვეყნა. ამის შემდეგ გამოძიება ფარული მიყურადების მუხლით აღიძრა. ტელეკომპანიას სასამართლოს განჩინებაც ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ელექტრონული მოწყობილობის ამოღებას ითხოვს. ეს არხის ხელმძღვანელობისთვის ზეწოლის და "ტვ პირველში" შეჭრის საფრთხედ შეფასდა. 

მედიაზე ზეწოლა და "ტვ პირველში" შეჭრის გეგმა კატეგორიულად გამორიცხა დღეს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც განცხადება ამ თემაზე ფარულ ჩანაწერებზე განმარტების შემდეგ მთვარობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო და გააუქმებს თუ არა ის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, ეს სავარაუდოდ მომავალ კვირას გახდება ცნობილი. სწორედ მეორე ინსტანციის სასამართლოზეა დამოკიდებული გააგრძელებს თუ არა "ტვ პირველი" სამართლებრივ ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დღის ამბები