28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სადაც ეკონომიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროექტზე უნდა ესაუბრა, ოპონენტებმა ჩაშალეს

შეხვედრა, სადაც სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო ფორმატში "ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო და ეკონომიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროექტზე უნდა ესაუბრა, ოპონენტებმა ჩაშალეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც სამუშაო ფორმატში, ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით, უნდა მომხდარიყო "ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულების დეტალური განხილვა.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში გახმიანდა რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც გულისხმობს: ძირითადი კვლევების ხელახალ გადამოწმებას და საბოლოო დასკვნების მიღებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის შეჩერებას; რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდის შექმნას; "ნამახვანი ჰესის" სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელად ქართველი დირექტორის დანიშვნას; ასევე ჰესის ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით.

მიუხედავად ამ ინიციატივებისა და მზაობისა, რომ სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან, გარემოს დამცველებთან ერთად მომხდარიყო ჰესის ხელშეკრულების ძალიან დეტალური განხილვა, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ჯერ კიდევ ცაგერში გასულ კვირას ვიზიტისას განაცხადა, სამუშაო ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა და გავრცელდა არასწორი ინფორმაციები სხვადასხვა მედიასაშუალებებში.

ამ სამწუხარო ფაქტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მზაობას, რომ შედგეს დიალოგი, მოხდეს ყველა პრობლემური საკითხის სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე დეტალური განხილვა, ასევე მსჯელობა იმ მნიშვნელოვან, ახალ ინიციატივებზე, რომლებიც დღეს "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა.- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები