28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
საქართველოს პრემიერი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და ახალ გეოპოლიტიკურ სურათზე.

ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი ძალისხმევის მხარდაჭერას, რისთვისაც ვაგზავნით ჩვენს ექსპერტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად და მოვუწოდებთ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ ნატოსა და საქართველოს შორის.

ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს განათლების, კვლევისა და განვითარების და ინოვაციის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად, რომელიც ქმნის საფუძველს შემდგომი საქმიანობისთვის,“ - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო.

დღის ამბები