28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ, AstraZeneca-ს ​ ვაქცინით მიღებული სარგებელი აჭარბებს შესაძლო ზიანს - ბიძინა კულუმბეგოვი 

ორშაბათიდან საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს საქართველოში ხვალ ელოდებიან. ამის შემდეგ უქმე დღეებზე ვაქცინას გადაანაწილებენ იმ ქალაქებში, სადაც პროცესი პროტოკოლის შესაბამისად პირველ ეტაპზე დაიწყება.

გეგმის მიხედვით ჯერ მედპერსონალის იმუნიზაცია მოხდება. საუბარია AstraZeneca-ს პრეპარატზე.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის ჯანდაცვის სპეციალისტი თაკო უგულავა ამბობს, რომ ვაქცინის მოწოდება ორ ეტაპად მოხდება და პირველ ეტაპზე ქვეყანაში 43 200 დოზა შემოვა.

"მოწოდება მოხდება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ეს არის 43 200, რომელსაც ახლა ვიღებთ და შემდგომ უკვე აპრილის შუა რიცხვებისთვის გვექნება მოწოდებული მეორე ნახევარი, რომელიც დაახლოებით 86 400 გამოდის. პირველი დოზა გაუკეთდება 43 200 ადამიანს. შემდგომ, შუალედი დასაშვებია აცრებს შორის, რომ იყოს 8-დან 12 კვირამდე. ამასობაში, მეორე პარტია მოდის და უკვე აიცრებიან მეორე დოზით ეს ადამიანები და დარჩენილი ნაწილი კიდევ დაახლოებით სადღაც 23 000 ადამიანზე გამოდის.

სანამ ამ პროცესში ვიქნებით, წამოგვეწევა ასევე Pfizer-ის ვაქცინა," - აცხადებს თაკო უგულავა.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით სპეციალისტები შეფასებებს აკეთებენ. როგორც ცნობილია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში AstraZeneca-ს მიერ დამზადებული ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. რამდენიმე ქვეყანამ კი AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ ვაქცინაზე, რომელიც კონკრეტული სერიული ნომრის ქვეშ არის, საერთოდ უარი თქვა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ შემთხვევებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კვლევები კეთდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები კვლევის პროცესშია და ჯერ არავის მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დაუდასტურებია, ამ ეტაპისთვის აჭარბებს სარგებელი ამ ვაქცინით გამოწვეული და მიღებული, ვიდრე ის შესაძლო ზიანი, რაც შეიძლება მასთან იყოს. ეს კონკრეტული პარტია კორეული წარმოების იქნება, შესაბამისად, რაიმე ამ პარტიასთან კავშირი, რომელიც ეჭვს იწვევს ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ თუ არ იქნება კოვაქსისგან ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან, რომლის ქოლგის ქვეშ არის კოვაქსი და ყველა სხვა პლატფორმა, რაიმე მითითება ვაქცინაციის პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, ქვეყანამ ეს არ უნდა გააკეთოს და ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ ისე, როგორც აუცილებელია და ეროვნული გეგმით არის გაწერილი," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ ფრთხილობს ევროპის ნებისმიერი ქვეყანა. როგორც კი რაღაცა ხდება, მაშინვე აფიქსირებენ და ამაზე მიდის მუშაობა. სამწუხაროდ, ჩინურ და რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, ჩვენ ასეთი შემთხვევები არ გვაქვს.

ქვეყნები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს, ასეთი საკითხები არ იმალება და თუ რამე იქნება და ქვეყნები დაადგენენ, რომ ამ ვაქცინის გამო იყო, ისინი ღიად განაცხადებენ ამას და გადავლენ უბრალოდ სხვა ვაქცინის გამოყენებაზე. ამიტომ, ჩვენ ახლა ფარ-ხმალი ნამდვილად არ უნდა დავყაროთ, უბრალოდ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ქვეყანაში უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მოსახლეობაში გავზარდოთ ნდობა ვაქცინაციის პროცესისადმი," - აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

დღის ამბები