28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ყველა დასკვნაში ნათლადაა მითითებული, რომ არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩაიარა - ოპოზიცია IRI-ს დასკვნაზე

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" დასკვნას ეხმაურება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა დასკვნაშია ხაზგასმული ის დარღვევები, რომლის ფონზეც არჩევნები ჩატარდა. 

"ყველა დასკვნაში არის ნათლად და პირდაპირ მითითებული, რომ არჩევნებმა ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე და დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პერიოდში. ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უშუალოდ ვიყავით ჩართული არჩევნებში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რომ დიახ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ისეთი არჩევნების ერა, სადაც მუდმივად იქნება განხილვის თემა, რომ ეს იყო გაყალბებული და ძალით მიტაცებული ხელისუფლება,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე აქცენტს ანგარიშის იმ ნაწილზე აკეთებს, სადაც, მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებებია.

"ეს დასკვნა ეხმიანება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დამდგარ ძალიან მწვავე რეალობას, რომელიც არჩევნების ფალსიფიკაციას გულისხმობს და ძალიან კონკრეტული მითითებებია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაიბრუნოს არჩევნების მიმართ  ნდობა და პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს,"- აცხადებს ბუაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა არ აქვთ, რასაც "ცესკოს" დამსახურებად მიიჩნევს.

"ეს ადმინისტრაციები, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ, გამოირჩეოდნენ არაკვალიფიციურობით, რაც დადასტურდა იმით, რომ მარტო პროპორციულ ნაწილში, 3800 შემაჯამებელი ოქმიდან ბალანსი ვერ დაჯდა 1000 შემაჯამებელ ოქმში. დღეს რა კრიზისიც არის ქვეყანაში შექმნილი, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგს, არის დიდწილად ცესკოს დამსახურება და იმ გადასწორებული ოქმების დამსახურება, რომელიც ცესკომ ატვირთა თავის ვებგვერდზე,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები