28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
​IRI-ის ანგარიში კიდევ ერთი მკაფიო პასუხია რადიკალური ოპოზიციის აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ IRI-ს დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ორგანიზაციამ ყველაზე დემოკრატიულ, თავისუფალ, მშვიდობიან და კონკურენტუნარიან არჩევნებად შეაფასა საქართველოს ისტორიის განმავლობაში. 

მისივე თქმით, ამ დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა, უარი თქვან, მისი შეფასებით, სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და იმოქმედონ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

"ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული, წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.

IRI-ს შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებასა და ინფორმაციაზე.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უზრუნველყოფისთვის მზაობა.

ეს დასავლური ინსტიტუტების მიერ კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ეს დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ, ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, მშვიდობიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

დარწმუნებული ვართ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში და შეფასებებიც იქნება შესაბამისი.

გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე, მივმართავ ოპონენტებს: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, არ აქვს აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას, ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველა ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები