28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
აინტერესებთ შიგნით ხომ არ ჰყავთ ვინმე, ვინც გასცემს ამ ინფორმაციებს - ეკა მიშველაძე ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებაზე

"TV პირველთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი ეკა მიშველაძე "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. ეკა მიშველაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა იმის ნაცვლად, რომ ჩანაწერის შინაარსით დაინტერესებულიყვნენ, სადაც სავარაუდო დანაშაული იკვეთება, გამოძიება სულ სხვა მიმართულებით დაიწყეს. ჟურნალისტის შეფასებით ეს ტელევიზიაზე ზეწოლის და მედიის დაშინების მიზნით ხდება:

"მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, ის თუ საქმე როგორ აღიძრა ამ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებაზე და ასე შემდეგ. ესეც იყო სრული აბსურდი. იმის მაგივრად, რომ შინაარსში რა არის და სავარაუდო დანაშაული რომ იკვეთება გარკვეული პირების, ამაზე ყოფილიყო გამოძიება. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, აინტერესებთ საიდან გავრცელდა, ვინ მოიტანა, რატომ მოიტანა, შიგნით ხომ არ ჰყავთ ვინმე, ვინც გასცემს ამას ყველაფერს. ეს არის სრული უაზრობა და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი. ამას ჰქვია დიქტატურის საბოლოო გაფორმება ამ ქვეყანაში და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიის დაშინების მცდელობა და ტელევიზიაზე ზეწოლის მცდელობა," - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც ტვ პირველის ეთერში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარია ასახული.

პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.  

იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან"  იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.

დღის ამბები