28 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ხმაური ფარული ჩანაწერების გარშემო - ოპოზიცია ავთენტურობის დადგენას ითხოვს, უმრავლესობა კი მათ საგამოძიებო კომისიის ფორმატს სთავაზობს

ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან 4 დღის შემდეგ განმარტება ბერა ივანიშვილმა თავად გააკეთა. ავთენტურია თუ არა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ის 2011 წელს იხსენებს და ყვება რომ მაშინ დაიწყო სოციალურ ქსელში მის ოჯახსა და გულშემატკივრებზე თავდასხმა-აყენებდნენ შურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, რეაგირებისა და დახმარებისთვის კი ოჯახის დაცვის უფროს მიმართა.

ბერა ივანიშვილის განმარტების შემდეგ ოპოზიციაში მიიჩნევენ რომ ფარული ჩანაწერის შინაარსის კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი გახდა, ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, გამოძიება დაინტერესდეს არამხოლოდ ფარული მიყურადების თემით, არამედ რა შესაძლო დანაშაული შეიძლება იკვეთებოდეს საუბრის შინაარსში.

რეაქცია, რომელიც ბერა ივანიშვილის ინტერვიუს მოყვა, გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. ქართულ ოცნებაში ოპონენტებს ურჩევენ, კითხვების არსებობის შემთხვევაში პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ და პასუხები საგამოძიებო კომისიის ფორმატში მოითხოვონ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარტია "მოქალაქეებს" ეკუთვნით, თუმცა ალეკო ელისაშვილის პოზიციას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი სხვა პარტიები არ იზიარებენ.

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო. საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების კვალიფიკაცია მიეცა. უკვე დაგეგმილია აუდიომასალის ავთენტურობის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაც.

დღის ამბები