28 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
მაშინ 15-16 წლის თინეიჯერი ვიყავი და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო - ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, 2011 წელს, როცა თინეიჯერი იყო, მასსა და მის არასრულწლოვანი გულშემატკივრების მიმართ მუქარები ვრცელდებოდა.

როგორც ბერამ ტელეკომანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, მათ მშობლების თანასწრებით სახელმწიფო დაცვის მიერ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

"ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის თინეიჯერი და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან იქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი მუქარები და შეურაცხყოფა არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად, ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე, მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, პორნოგირაფიული სურათები, ბავშვებს ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს, ისეთ საზიზღობებს იძახდნენ, რასაც ეთერში ვერ გავიმეორებ, რაზეც რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის და მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები, იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, იქ ესწრებიან ამ საუბარს მისი მშობლები, მათი მშობლები, მეზობლები და ასე შემდეგ,  და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება," - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები, ბერა ივანიშვილი პასუხობს, რომ - "მოდით მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ამ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამაზე სხვანაირად ფიქრობს," - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

 

დღის ამბები