28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჩემთვის არადამაჯერებელია, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერი ყოფილიყო - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს "ღამის კურიერის" ეთერში იმ ფარულ ჩანაწერზეც მოუწია კომენტარის გაკეთება, რომელიც მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარია ასახული.

ჩანაწერის გაკეთების დროზე მსჯელობისას, წამყვანის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ 2010-11 წლებში ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომელიც იმ მომენტისთვის ფონდ "ქართუს" თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მინისტრებს დაერეკათ, მიხეილ სარჯველაძემ ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა:

"არ გამიკვირდება, ნამდვილად. მეც მქონდა კითხვის ნიშნები, ოღონდ პირიქით, მაგალითად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა როგორ... რა თქმა უნდა დაურეკავდნენ. "ქართუ" 2010-2011 წლებში და კიდე ბევრი წლით ადრე რამდენ პროექტში იყო ჩართული, მათ შორის სახელმწიფოს როცა ეხმარებოდა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორ შეეძლო 2010-11 წლებში ირაკლი ღარიბაშვილს დაეყენებინა ზარად ის სიმღერა, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა - აღნიშნულ კითხვაზე კი მიხეილ სარჯველაძის პასუხი იყო რომ მას საფუძვლიანად არ მიაჩნია, საუბრის დროს ნახსენები სიტყვისა და 2017 წელს გამოსული სიმღერის კავშირი.

"ეს თეორია მე ცოტა ნაკლებ დამაჯერებლად მეჩვენება. გულწრფელად რომ გითხრათ, იქ სიტყვაა და ეს რამდენად დაკავშირებულია იმ სიმღერასთან და ციტატასთან, არ მგონია რომ ეს საფუძვლიანი იყოს.  ჩემთვის აბსოლუტურად არადამაჯერებელია, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერი ყოფილიყო," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები