28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ინფორმაციას უნდა გააჩნდეს მინიმალური დამაჯერებლობა, რომ ძიება დაიწყოს - მიხეილ სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნების არსებობის კუთხით.

მისი განმარტებით, იმისათვის, რომ პროკურატურამ საქმეს ამგვარი კვალიფიკაცია მიანიჭოს, ინფორმაციას მინიმალური ლოგიკური დამაჯერებლობა უნდა ჰქონდეს. 

"გავრცელებულ ინფორმაციას უნდა გააჩნდეს ლოგიკური, მინიმალური დამაჯერებლობა იმისთვის, რომ ძიება დაიწყოს. დამაჯერებლობის ხარისხს საგამოძიებო უწყება განსაზღვრავს.

მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური ახნილი და დასაბუთებულია სამართალდამცველი ორგანოების სამართლებრივი პოზიცია.

გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მექნებოდა პრეტენზია კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. გამოძიების პროცესი როგორ წარიმართება, ეს, რასაკვირველია, ინტერესის საგანია, მაგრამ არ შეიძლება ამ წუთას შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება. საგამოძიებო ორგანოების პოზიცია ლოგიკურად თანმიმდევრულია, აბსოლუტურად გამართულია და არცერთი დაშვებით, მას ნაკლი არ გააჩნია,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ ფარულ  სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები