კატალონიის მთავრობის ყოფილი უფროსი კარლეს პუჩდემონი, რომელსაც ევროპარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა, ირწმუნება, რომ იგი მზადაა ბელგიის სასამართლოს წინაშე წარდგეს.
კარლეს პუჩდემონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოლეგებთან ერთად მზად არის ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროსასამართლოში გაასაჩივროს.
ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი ორი მოკავშირისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დღეს დაუჭირა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებას პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს.
პუჩდემონმა ესპანეთი 2017 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც კატალონიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ არალეგიტიმურად მიიჩნია.