28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა - ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღის ბოლოს მედიასთან კომენტარი გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარს ეკლესიაზე თავდასხმას უწოდებს და საპატრიარქოს სახელით მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ის, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ის, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს.

ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა და სიწმინდისა. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა რეზიდენციაში. 

ეს არის დევნა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება და როდესაც კარს უმტვრევ და ვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ სწორად? 

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობთ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდა. ხვალ უფრო მეტი სიცხადე იქნება. მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების დაპირისპირების დროს დაშავებული ჟურნალისტების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზიდენციაში არის ძალიან ვიწრო აივანი და ჟურნალისტები იქ არ უნდა ასულიყვნენ.

"ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ იქ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მათ. არის ძალიან ვიწრო აივანი და ჟურნალისტები არ უნდა ასულიყვნენ იქ,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სასულიერო პირების შეხვედრა დაძაბულ  ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მისული იყვნენ მრევლი და ის სასულიერო პირები, რომლებიც ახლადდანიშნული მეუფის მხრიდან პეტრე ცაავას მხარდამჭერი ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას აპროტესტებდნენ. 

რეზიდენციის აივანზე დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა მეორე სართულის ხის მოაჯირი, რა დროსაც ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლებიდან რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან გადავარდა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.  

დღის ამბები