28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე და ერთი დღე განაჩენის გამოცხადებამდე - დაუმტკიცდება, თუ არა ხუთ ბრალდებულს განზრახ მკვლელობა 

ერთი დღე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე. დახურულ სხდომაზე წაკითხული 4 გვერდიანი რეპლიკის შინაარსი "კურიერმა" მოიპოვა. აკაკი ქვრივიშვილი "ტოიოტა ქამრის" ის მგზავრია, რომელიც ფერად შენობასთან ყველაზე ადრე მივიდა, გური ამირხანაშვილი იპოვა და ყველაზე გვიან წამოვიდა, მაგრამ დანარჩენების მსგავსად დანაშაულს არც ეს ბრალდებული აღიარებს. ქვრივიშვილი ამტკიცებს, რომ მას შაქარაშვილი 18 ივნისის ღამეს საერთოდ არ უნახავს.

აკაკი ქვრივიშვილის მსგავსად, ხვალ გამამართლებელ განაჩენს ელოდება ყველა ბრალდებული, მათ შორის ნიკა რევაზიშვილი, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურა საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობს, რომ სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდეს და მოსამართლე სტურუამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

ერთადერთ და გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდება დაცვის მხარე. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არც ერთი ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა ან ვიდეომტკიცებულება არ დევს, რომლითაც მოსამართლე იხელმძღვანელებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებას გიორგი შაქარაშვილის მშობლები მოისმენენ, ფეხბურთელის ოჯახი სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულება დევს და გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან. 

ვის მხარეს გადაიხრება მართლმსაჯულება, ხვალ 3 საათზე გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, "ტოიოტა ქამრის" ხუთ მგზავრს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები