28 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გონივრული შეთავაზებით ჩავა, რაც მოწონებული იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან - კახა კუჭავა  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი 16 მარტს ბრიუსელში იმ გონივრული შეთავაზებით ჩავა, რომელიც ევროპელი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს.

როგორც კახა კუჭავა ამბობს, საბოლოო გეგმა არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გეგმა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს. 

"იმ გონივრული შეთავაზებით, რომელიც ნამდვილად იქნება მოწონებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს და რა თქმა უნდა, იქნება ამაზე არა მარტო საუბარი და ყველა გაიგებს, არამედ, პირველ რიგში, იქნება დიალოგის მაგიდასთან ამ საკითხების განხილვა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, არ გამომდინარეობს რაღაც კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან, რაც, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში გვხვდება ხოლმე, ეს იქნება ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან სწორი შემდეგი ნაბიჯი.

ვმსჯელობთ, არის ძალიან კარგი მონახაზები და კარგი ვერსიები, რომელზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. არ შევალ დეტალებში, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას და ირაკლი ღარიბაშვილი რომ ხელცარიელი არ ჩავა, ამაში ყველა მინდა იყოს დარწმუნებული. ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში,“ - აცხადებს კახა კუჭავა. 

რაც შეეხება მოლაპრაკების მაგიდას, კახა კუჭავა ამბობს, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება წარმოდგენილი "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაზე. 

"ეს ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე იქნება, თალაკვაძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ძალიან კარგად დაიცავს ჩვენი პარტიის და ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ნუ ნერვიულობენ, მთავარია, ისინი მოემზადონ იმისთვის, რომ იყვნენ კონსტრუქციული, ჩვენი მხრიდან ნამდვილად იქნება წარმოდგენილი ღირსეული გუნდი," - ამბობს კახა კუჭავა. 

დღის ამბები