28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებს ხვდება - მრევლის ნაწილი კი 2 დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას აპროტესტებს

ამ წუთებში მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრას ადგილობრივ ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელო პირები ესწრებიან. 

პარალელურად, ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი. ისინი უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

"მოვითხოვთ, ეკლესიაში აღდგეს საეკლესიო სამართალი. წაყენებული ბრალდება იქნეს გამოკვლეული. სასულიერო პირებზე ამდენ მითქმა-მოთქმას ბოლოს და ბოლოს დაესვას წერტილი, სანამ არ დაბრკოლებულა მთლიანად მრევლი და ბოლომდე არ დაცემულა საპატრიარქოს ავტორიტეტი," - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაზონმა.

ერთ-ერთი მრევლის შეფასებით, მიტროპოლიტმა სტეფანემ დიაკვნები უკანონოდ დასაჯა. შეკრებილ მრევლს მიტროპოლიტთან შეკითხვები აქვს.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე ისაუბრა.

როგორც მეუფემ განმარტა, მან ორივე დიაკვანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ სამღვდელმთავრო მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მათ ურჩობა განაგრძეს.

 



დღის ამბები