28 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
დავით გარეჯი კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველი და რა პოზიციები აქვს - გია ვოლსკი

დავით გარეჯთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის პოზიციას გია ვოლსკი ეხმაურება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, დავით გარეჯის საკითხი  გახდა კიდევ ერთი ინდიკატორი, რა პოზიციები აქვს ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფორმატში სახლახო დამცველს. აქვე, უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ სახალხო დამცველს არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და არც დეტალურად გაცნობია საქმის გარემოებებს. 

"საერთოდ, ძალიან საინტერესო ფუნქციაა სასამართლოს მეგობარი სტატუსი, რომლითაც სარგებლობს სახალხო დამცველის ოფისი და იგი ვალდებულია მიაწოდოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით ზოგადად და არა ადვოკატობა გაუწიოს ბრალდებულს, ან პირიქით, ბრალი წაუყენოს მას. რასაკვირველია, დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ სამოსშია გახვეული, როგორც ამის სურვილი ჰქონდა ჩვენს ოპონენტებს. აქ, ამ ასპარეზზე გამოჩნდა სახალხო დამცველიც, ასე რომ, ეს საკითხი და ეს თემა საერთოდ, რაც ძალიან კარგად იცის სახალხო დამცველმა, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი და რა პოზიციები აქვს ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფორმატში. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და არც დეტალურად გაცნობია საქმის გარემოებებს.

ასეც რომ იყოს, დასკვნა იმის თაობაზე, არის თუ არა ის ხაზი გავლებული კონკრეტული რუკის შესაბამისად და არის თუ არა დარღვეული კონკრეტული პიროვნებების მიერ ინტერესები ჩვენი ქვეყნისა, რასაკვირველია, ეს მისი კომპეტენცია არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, შეუძლია იხელმძღვანელოს ნებისმიერ ჩვენგანს და თავის დასკვნა გააკეთოს. მართალი იყო გადაწყვეტილება, სწორად იქნა მიღებული, თუ არ იქნა სწორად მიღებული. მაგრამ, თავად პროცესის მიმდინარეობა, რასაკვირველია, იმ სტანდარტში უნდა ჯდებოდეს, რომელიც საერთაშორისო დონეს შეეფერება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სახალხო დამცველი არა მარტო კომპეტენტურია, არამედ ვალდებულიც არის თავის განმარტებები გააკეთოს. რაც შეეხება დასკვნების კეთებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, მის პოლიტიკურ შინაარსს," - ამბობს გია ვოლსკი.

 

 

დღის ამბები