28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით საქმის მხარედ მოგვევლინა - პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე

საქართველოს პროკურატურა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას ეხმაურება. 

სახალხო დამცველის აზრით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყება წინასწარ იყო შეთანხმებული ქართული ოცნების ხელმძღვანელებთან - ამ მოსაზრებას ნინო ლომჯარია სასამართლოს მეგობრის სტატუსით უგზავნის. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალეულობა და სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო სახელმწიფოსთვის გადაეცათ. სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. 

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ გავრცელდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გვსურს განმარტება გავაკეთოთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია  სასამართლოს დახმარება  სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და  არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. აღნიშნულის საპირისპიროდ,  სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც საქმის მასალების 16 ტომს და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას მოიცავს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებით ნაწილს წარმოადგენს. ელექტრონული ინფორმაციის გაანალიზების თაობაზე საუბარი მოსაზრების არცერთ ნაწილში არ გვხვდება, რისი მიზეზიც არის ის რომ, სახალხო დამცველი არც კი გაცნობია მტკიცებულებების ამ ნაწილს. ასევე თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი მოსაზრების შედგენისას ასევე, გაუგებარი მიზეზით იგნორირებას უკეთებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდების მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, შემაჯამებელ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს მოსაზრებაში ბრალდებასთან დაკავშირებით,  რაც სამწუხაროდ გვარწმუნებს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე გამოთქვა მზაობა შეხვედროდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და ეპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მათივე სურვილის შემთხვევაში, მიეცა მათთვის შესაძლებლობა საქმის მასალების გაცნობაზე.  მიუხედავად აღნიშნულისა, სახალხო დამცველს საქმის გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალდების მხარისათვის საქმის მასალების გაცნობა არ მოუთხოვია და არც საქმის სასამართლოში წარმართვამდე მოუსმენია ბრალდების მხარის არგუმენტები მოპოვებულ მტკიცებულებებთან  თუ ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან და წარმოაჩენს მხოლოდ კონკრეტული პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისადმი. სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სახელით ცდილობს შეითავსოს როგორც სასამართლოს, ასევე ცალკეულ ექსპერტთა ფუნქციები და უსაფუძვლოდ ცდილობს გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს. წერილობით მოსაზრებაში მტკიცებით ფორმაში აქვს დაფიქსირებული ისეთი დასკვნები, რაც მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული მოსაზრების დაუსაბუთებლობას და ცალმხრივობას. როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია,  საქმეზე ამ ეტაპზე მიღებულია ორი კარტოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც მუშაობდნენ დარგის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები,  ერთ შემთხვევაში შვიდი, ხოლო მეორე შემთხვევაში რვა ექსპერტი ერთობლივად.

ამდენად,  ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი.

საქართველოს პროკურატურა უახლოეს მომავალში მოამზადებს და გაასაჯაროვებს ნინო ლომჯარიას სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შინაარსობრივი მხარის დეტალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ შეფასებას, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმედს ვიტოვებთ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და  მისცეს ზეპირი განმარტება, მათ შორის უპასუხოს არაერთ კითხვას მის მიერ გაცემულ მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ, ბრალდებულთა მხარდამჭერ წერილობით მოსაზრებასთან დაკავშირებით," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

დღის ამბები