28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ნამახვანჰესის საკითხზე შეხვედრები დაასრულეს - მხარეები მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ნათია თურნავამ  და ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე შეხვედრები რეგიონში დაასრულეს. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ადგილობრივების პოზიცია მოისმინეს. ასევე თავად იქ არსებულ ვითარებას და კასკადის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არიან. მათივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, რომ შემდგომში ხელისუფლებას პრობლემები არ შეექმნას. ადგილობრივების განცხადებითვე, თუ დისკუსიის შედეგად არაფერი შეიცვლება, ისინი აქციას გამართავენ.

"ჩვენ გვინდა, რომ არაკონსტრუქციულობაში არ დაგვედოს ბრალი იმ თვალსაზრისით, რომ ითხოვს ხელისუფლება, ვისაუბროთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვაძლევთ მას საშუალებას, რომ იმართლონ თავი იმ ნაწილში, რაც ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია. შემდგომი დიალოგის გაგრძელებისთვის ჩვენ ვართ მზად. რასაც ვამბობთ, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი და დავიწყოთ დისკუსიები, რომ მომავალში ხელისუფლებას ამ მიმართულებით აღარ შეექმნას პრობლემები. ჩვენც არ გვინდა ქუჩაში დგომა.

თუ წავა იმაზე საუბარი, რომ პროექტი მაინც განხორციელდება და არაფერი შეიცვლება ის, რის გამოც ჩვენ აქ 131 დღეა ვდგავართ, მაგ შემთხვევაში აქციას გავმართავთ, ცხადია," – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მხარეებმა შემდეგი შეხვედრა დაგეგმეს, რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ კვირას არ გასცდება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ხელისუფლება შეეცდება არგუმენტები იმდაგვარად წარმოადგინოს, რომ ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგე მხარეს ბევრი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

"შევთანხმდით, რომ შეხვედრა შედგება ჩვენს შორის, მომიტინგეებისთვის მისაღებ ადგილას და დროს და დიდი ალბათობით ეს არ გაცდება შემდეგ კვირას. შედგება დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც მათ ადარდებთ.

ჩვენ შევეცდებით ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ასევე თუ დავინახეთ, რომ შეიძლება ამ პროექტის მსვლელობისას გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები და ამთავითვე ჩანს, რომ არის ასეთი მომენტები, რაც შეიძლება უკეთესად გადაწყდეს ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს გარკვეული გაუმჯობესებისთვის, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე 131დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.

დღის ამბები