28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ფაქტობრივი შეუსაბამობებია, ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული - მიხეილ სარჯველაძე Freedom House-ის ანგარიშზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, არ ეთანხმება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს, შესაბამისად, დასკვნაც არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.

"რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში.

მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები, ამიტომ არაერთია მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და იგივე გადათვლასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც ეყრდნობა დასკვნა საბოლოო, შემაჯამებელი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ, რა თქმა უნდა, შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია, თუ არის - ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაშივე ოპოზიციას მიცემული," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

Freedom House-ის შეფასებას არ ეთანხმება არც ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, ახალი დემოკრატიის და განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებს შორის საქართველო გამორჩეულია:

"საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უპრეცენდენტო პირობები არის თავისუფალი მედიისათვის და საქართველოს საარჩევნო პროცესში. მე ვფიქრობ, ამ არჩევნებზე პირველად მოხდა, როდესაც ბიზნესს ჰქონდა ღიად ჩართვის საშუალება.

ეს არ არის შეფასება მხოლოდ "ქართული ოცნებისა", არის შეფასება საქართველოსი და მე დამისახელონ ძალიან ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის და განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნები, სადაც ესეთი ნოყიერი ნიადაგია პოლიტიკური პროცესისათვის," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები