28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებით Freedom House-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა.

2020 წელს ქვეყანას 100 საუკეთესოდან 61 ქულა ჰქონდა, წლევანდელი შეფასება კი 60-ია. საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. ანგარიშში წერია, რომ ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია.

ანგარიშში საუბარია არჩევნებზეც, Freedom House-ის მიხედვით, საქართველოში ტარდება კონკურენტული არჩევნები, რომლის დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ბოლო წლებში გაუმჯობესების ტენდენციამ იკლო. ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ მესამე ვადით გაიმარჯვა, თუმცა პროცესს ჩრდილი მიაყენა ხმების ყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და აშკარა შეცდომებმა მონაცემებში, რამაც ოპოზიციას ბოიკოტისკენ უბიძგა.

საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ორგანიზაციის ანგარიშში ისევ სასამართლო და კორუფცია რჩება. Freedom House-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2018 წლიდან ეტაპობრივად უარესდება, მაშინ ქვეყანას 64 ქულა ჰქონდა.

ოპოზიციის განცხადებით, Freedom House-ის ანგარიშში აისახა დემოკრატიული პროცესების გაუარესება, რაზეც ხელისუფლების ოპონენტებიც საუბრობდნენ:

"ისევე, როგორც, პრაქტიკულად, ყველა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტის რეიტინგში, მათ შორის "ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგში დაიწია უკან. რატომ? იმიტომ რომ ყველა საქართველოს მეგობარი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ხედავს ძალიან მკაფიოდ, რა ხდება და ეს არის დემოკრატიის ცალსახა უკუსვლა, ყველა თვალსაზრისით. ნახსენებია არჩევნების თვალსაზრისით უკუსვლა, ნახსენებია მოსყიდვა და სხვა პრობლემები,რომელიც თან ახლდა 31 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, ოლიგარქატის არსებობა ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, Freedom House-ის მხრიდან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასებები გაკეთდა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ამოცანა ამ მდგომარეობის გამოსწორებაა:

"ფრიდომ ჰაუსის მოხსენება, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ანგარიშები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც სარკედ იმ რეალობისა, რომელიც ყველამ ვიცით როგორია ქვეყანაში, ამიტომ როდესაც Freedom House-ი, ორგანიზაცია, რომელიც თავისი მიუკერძოებლობით არის ცნობილი, ამბობს, რომ ქვეყანაში გაუარესდა მდგომარეობა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი ტრაექტორიით, როდესაც იმავეს ამბობენ ჩვენი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იმავეს ამბობენ ბევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობის კომიტეტების თავმჯდომარეები, იმავეს მოგვიწოდებენ ევროკავშირის მხრიდან, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან მძიმე შეფასება და ჩვენი ამოცანა არის ამისი გამოსწორება," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, Freedom House-ის შეფასება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის სტილი არაა კანონზე და სამართალზე ორიენტირებული:

"ოლიგარქიული მმართველობა სახელისუფლებო წრეებში, კორუფციული გარიგებები და ამავე დროს, სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც შემდგომ უკვე იწვევს ყველა სხვა დანარჩენ პრობლემას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან ვზიანდებით იმ მმართველობის სტილით, რომელიც არ არის კანონზე და სამართალზე ორიენტირებული და სადაც, ზოგჯერ, კონკრეტული ადამიანების ახირებული ნება განსაზღვრავს, რა მოხდება და რა არ მოხდება," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები