28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ დიალოგის მორიგი რაუნდი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტამდე გაიმართება

მოსალოდნელია თუ არა რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მე-6 რაუნდი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე გაიმართოს. ამ თემაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ დიალოგის მომავალ ეტაპზე მხარეების პოზიციები უფრო რეალისტური იქნება.

"მე ვხედავ ამის რეალურ კონტურებს და საშუალებას და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაიმართება შეხვედრა. კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის ჯობია ყველა შეხვედრის წინ, ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და არ გაასწრო მოვლენებს, არც ერთ მხარეს არ შეუქმნა უხერხული მომენტები. ამ დიალოგის პროცესმა უნდა დაგვანახოს, თუ რა დისტანციის გავლა შეგვიძლია ამ პოლიტიკური დიალოგის პერიოდში. დიალოგი რომ შედგება, მე ვფიქრობ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია, დიალოგის მაგიდის გარშემოც, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, პოზიციები უფრო რეალისტური იქნება, იმიტომ რომ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილიც იყო გასაგები, მან არც ერთი მოთხოვნა არ დააყენა ულტიმატუმის სახით.  თქვა რომ არსებობს საკითხები და მიიღეთ გადაწყვეტილება იმ ჩარჩოებში, რაცაა კონსტიტუციით განსაზღვრული და იმ სულისკვეთებით, რაც ევროკავშირისთვისაა დამახასიათებელი. დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ სამართალზე, გარკვეულ არგუმენტზე  და ეს პროცესი უნდა წარვმართოთ ჩვენ ყველა მხარემ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, გარკვეული პაუზის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოდერატორობით გაიმართა. შარლ მიშელის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე შემუშავდა 6 პუნქტიანი დოკუმენტი, რომელშიც შევიდა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა მოგვარებაც მონაწილე მხარეების შეფასებით, მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსასვლელად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ის პროცესის მიმდინარეობაში აქტიურად იქნება ჩართული და გარკვეულ ანგარიშს პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროსაც მოისმენენ, რომელიც ორ კვირაში უნდა გაიმართოს.

დღის ამბები