28 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
რა წესებით ჩატარდება მომავალი არჩევნები საქართველოში - საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი უკვე ინიცირებულია

"მოქალაქეებისა" და "ქართული ოცნების" შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი შესრულებულია - საარჩევნო რეფორმამ მემორანდუმიდან კანონპროექტის სახე მიიღო. ცვლილებები 13 პუნქტს მოიცავს, რომელთა საფუძველზეც საკრებულოებში იზრდება პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი, იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რომლის მიხედვით, ყველა ბარიერგადალახულ პარტიას საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.

ინერგება ამომრჩეველთა რეგისტრაციის და ბიულეტენების დათვლის ელექტრონული სისტემა, აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, ცვლილებები შეეხება შესწორების ოქმებისა და საჩივრების განხილვის ვადებსაც.

ერთადერთი საკითხი, რომელიც პროექტში ღიად რჩება, საარჩევნო ბარიერის დაწევას უკავშირდება. მმართველი გუნდი დღეს მოქმედი 5%-დან, მაქსიმუმ, 3%-მდე დაწევის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა, ამისთვის საკანონმდებლო რესურსი არ ჰყოფნის. საკითხი კონსტიტუციურ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელსაც 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამიტომ, პროექტის ინიციატორები პარლამენტის გარეთ დარჩენილ ოპოზიციას მოუწოდებენ, ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.

საარჩევნო რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებთან ერთად - ასეთია პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიციის პოზიცია. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ბარიერის დაწევა მნიშვნელოვანია, თუმცა არა პრიორიტეტული. განსხვავებული მიდგომა აქვს მხოლოდ "გირჩს", სადაც მიაჩნიათ, რომ ბარიერის საკითხმა ოპოზიციისთვის, გარკვეულწილად, აქტუალობაც დაკარგა.

ოპონენტების უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. "ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო პაკეტი დემოკრატიულობის და სანდოობის ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს.

საარჩევნო რეფორმა პარლამენტმა ორი თვის ვადაში უნდა მიიღოს. სამუშაო ჯგუფი ამ ვადაში მუშაობას გააგრძელებს. პროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გაიგზავნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები