29 ნოემბერი 2024,   00:00
ვრცლად
რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლოა გაჭიანურებული დიალოგის წინაპირობა გახდეს

რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, რომელიც დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის პირველი პირია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოდის, ის შეხვდება ორივე მხარეს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. 

დაგეგმილი ვიზიტი შესაძლოა გაჭიანურებული დიალოგის წინაპირობა გახდეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, თბილისში ჩამოსვლამდე მოლაპარაკების წახალისება ევროპარლამენტარებმა სთხოვეს და იმედი გამოთქვეს, რომ შარლ მიშელი მხარეებთან შეხვედრითა და საუბრით კრიზისის განმუხტვაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენდა.

გახდება, თუ არა ევროპელი პარტნიორის სტუმრობა გარდამტეხი რთულ პოლიტიკურ პროცესში? – ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მიშელი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იქნება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ შეხვედრის შემდეგ მათ გზავნილებს საერთაშორისო სტუმარი ხელისუფლებამდეც მიიტანს. პარტიებში ამბობენ, რომ სწორედ პარტნიორების მოსაზრებები აიძულებს მხარეს, გარკვეულ კომპრომისზე წასვლას.

მოლაპარაკება, რომ გარკვეული დათმობებით მიიღწევა ამაზე მმართველი გუნდიც თანხმდება, თუმცა ერთგვარ კომპრომისს ისინი ოპოზიციისგან ელოდებიან. უმრავლესობაში წუხილს გამოთქვამენ, რომ შეთანხმება საერთაშორისო ჩართულობის გარეშე ვერ შეძლეს და ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ოპოზიციის პრეტენზიების საპასუხოდ საკუთარ არგუმენტებს გააცნობენ. "ქართული ოცნება" მაღალი რანგის სტუმართან მხოლოდ შიდაპოლიტიკურ თემებზე საუბარს არ აპირებს.

შარლ მიშელი საქართველოში მოლდოვიდან ჩამოვა. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ვიზიტს ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შეაფასებს. 

დღის ამბები