28 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
გამოვრიცხავ კლინიკის მხრიდან ინფორმაციის დამალვას, თუკი იციან მედპერსონალის ინფიცირების ფაქტი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები არ გვაქვს.

თამარ გაბუნია ასევე გამორიცხავს, რომ რომელიმე კლინიკამ იცოდეს მისი მედპერსონალის კოვიდით ინფიცირების შესახებ, დამალოს ეს ინფორმაცია და  ამგვარ ვითარებაში დაშვებულად ცნოს მისი კლინიკაში საქმიანობის გაგრძელება.

"ლაბორატორიულად დადასტურებული რეინფიცირების ჭეშმარიტი შემთხვევები არ გვაქვს, სავარაუდო შემთხვევები თითქოს და კლინიკური სურათი დაბრუნდა - ესეთები გვაქვს.

აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამ ტიპის ინფორმაციის დამალვას, რადგან კლინიკა, პირიქით, მოტივირებულია იმისთვის, რომ გამოავლინოს თუ მსგავსი შემთხვევა მოხდა, რადგან რისკი კლინიკისთვის არის ძალიან მაღალი და ეს კლინიკა ექვემდებარება ძალიან ბევრ საფრთხეს. თუ ამგვარი დაინფიცირებული პერსონალი  იქ დარჩა, ეს არის რისკი არა მხოლოდ იქ მყოფი პაციენტებისთვის, არამედ ძალიან არაკეთილგანწყობილი კლინიკა რომც იყოს, თავისივე ბიზნეს ინტერესებისთვის არ შეიძლება ასეთი რამის დამალვა.

ამ შემთხვევაში, ჩვენი ტესტირების მექანიზმი არის უნივერსალური. როდესაც ხდება პირის ტესტირება, ვალდებულება აქვს ტესტის ჩამტარებელ ლაბორანტს, რომ ეს პასუხი ატვირთოს მაშინვე სახელმწიფო სისტემაში. ანუ ჩვენთვის ცნობილი ხდება დაინფიცირების ფაქტი ტესტირების ჩატარებიდან 3 საათის განმავლობაში.

აბსოლუტურად გამოვრიცხავ კლინიკამ დაუშვას ის, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, თუ კი იციან მისი ინფიცირების ფაქტი, დადიოდეს სამსახურში, სადაც არიან არაინფიცირებული, კოვიდის გარეშე პაციენტები, აბსოლუტურად გამორიცხულია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები